საზოგადოება
10.01.2024 10:08
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ახალ ელექტრონულ სერვისს სთავაზობს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ახალ ელექტრონულ სერვისს სთავაზობს.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უძრავი ქონების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ამონაწერის გაცემა ინგლისურ ენაზეც არის შესაძლებელი, ასევე, მოქალაქეებს მომსახურების მიღება დისტანციურად - სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად შეუძლიათ.

„ეწვიეთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდს, სერვისების ჩამონათვალში აირჩიეთ კატეგორია უძრავი ქონება და შემდგომ, ამონაწერის და საკადასტრო გეგმის მომზადება.

შეავსეთ ვარსკვლავებით მონიშნული ყველა ველი. მონიშნეთ გრაფა „ინგლისურენოვანი ამონაწერი“, მომსახურებების ჩამონათვალში აირჩიეთ „ამონაწერის მომზადება უძრავ ნივთზე“. მონიშნეთ მომსახურების სასურველი ვადა და საფასური (უძრავი ქონების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინგლისურენოვანი ამონაწერის მოთხოვნის საფასური 26 ლარია), აირჩიეთ გადახდის მეთოდი, შეავსეთ და დაადასტურეთ საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემები.

საბოლოოდ, თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოგივათ SMS შეტყობინება, რაც იმას ნიშნავს, რომ განახლებულ ინგლისურენოვან ამონაწერს ვადაში მიიღებთ“, - ნათქვამია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები