უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახს სახელმწიფო 2024 წლიდან საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.
როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ოჯახი 3 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვით, რომლის ყველა წევრი სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული.
„პროგრამის მიზანი, ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა არც ერთი წევრი რეგისტრირებული არ არის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა ან ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ასევე, თუ უსახლკარო ოჯახის წევრს სახელმწიფოსგან უკვე მიღებული არ აქვს საცხოვრებელი ფართი, ან სათანადო ფულადი კომპენსაცია, საცხოვრებელი ფართის შესაძენად. ამ და სხვა კრიტერიუმების შეფასების შემდეგ, ოჯახების განსახლების საკითხს შესაბამისი კომისია გადაწყვეტს“, - აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება, რომლის ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს.