საზოგადოება
08.01.2024 16:11
თამბაქოს მოხმარება-რეალიზაციის მოთხოვნების შესრულებაზე 7 ათასი დაწესებულება შემოწმდება

თამბაქოს კონტროლის გაძლიერების მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თამბაქოს კონტროლის გაძლიერების კომპონენტის მიზანია, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება თამბაქოს საკითხებზე (თამბაქოსა და მეორადი კვამლის მავნეობა, ნიკოტინის მიწოდების ელექტრონული სისტემები და თამბაქოს ახალი ტიპის გახურებადი ნაწარმი, ჩილიმი, თამბაქო და გარემო), თამბაქოს მოხმარების აკრძალვის/შეზღუდვის საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ და სამოქალაქო მობილიზაციის გაზრდა; თამბაქოს შესახებ არსებული კანონმდებლობის აღსრულების ხელშეწყობა (უკანონო ვაჭრობის მონიტორინგი) და თამბაქოს მოხმარების შეწყვეტისთვის დახმარების გაუმჯობესება.

ახალი ინიციატივის ფარგლებში გატარდება შემდეგი ღონისძიებები: თამბაქოსთვის თავის დანებების მსურველთათვის „ცხელი ხაზის“ მეშვეობით სატელეფონო კონსულტაციების განხორციელება; კონსულტაციის შემდგომი მონიტორინგი თამბაქოსთვის თავის დანებების გაუმჯობესების მიზნით; თამბაქოს მოხმარების აკრძალვის დანერგვის ობსერვაცია, რაც მოიცავს იმ სამიზნე დაწესებულებების დათვალიერებას (თამბაქოს ნამწვის, ფერფლის, მწეველობის პროცესის ან კვამლის აღმოჩენის მიზნით), სადაც კანონის შესაბამისად აკრძალულია მოწევა - ჯამში გაკონტროლდება 4 000 დაწესებულება.

თამბაქოს ნაწარმის ვაჭრობის ქსელის მონიტორინგი, ასევე, 3 000 სავაჭრო ობიექტში განხორციელდება, რაც თამბაქოს ნაწარმის ვაჭრობის, აგრეთვე თამბაქოს რეკლამის და პოპულარიზაციის და უკანონო ვაჭრობის მონიტორინგს გულისხმობს.

კვირის ამბები