საზოგადოება
08.01.2024 13:49
რომელ ზონებშია სავალდებულო ზამთრის საბურავების გამოყენება

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე  მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა, სადაც მითითებულია, რომელ ზონებში იქნება სავალდებულო ზამთრის საბურავების გამოყენება.

განისაზღვრა, ასევე, საბურავების ტექნიკური პარამეტრები, ზამთრის საბურავის, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მახასიათებლები და ავტოტრანსპორტის კატეგორიები.  

რეგულაციის მიხედვით, ზამთრის საბურავები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მახასიათებლებს: საბურავების დამზადების თარიღიდან არ არის გასული 10 წელი; საბურავზე შესაძლებელია მისი დამზადების თარიღის წაკითხვა; საბურავის სარბენი ბილიკის ღარის (პროტექტორის) სიღრმე (არანაკლებ 3 მმ-ისა − M1, N1, N2, N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის და არანაკლებ 4 მმ-ისა − M2, M3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის).

საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი.

M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის კი დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი ფიფქი.

რაც შეეხება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებს, უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი.

ამასთან,  მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.

დაინტერესებულ პირებს კონკრეტული ზონების ნახვა, სადაც აღნიშნული რეგულაცია მოქმედებს, შეუძლიათ ელექტრონულ მისამართზე: www. matsne. gov. ge

კვირის ამბები