საზოგადოება
08.01.2024 12:08
გორში ალილო გაიმართა - შეგროვებული საშობაო ნობათი უპოვართა სასადილოს გადაეცემა

გორში, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული ალილოს მსვლელობა მოეწყო.

სადღესასწაულო მსვლელობა გორის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან გორისა და ატენის მიტროპოლიტის მეუფე ანდრიას (გვაზავა) ლოცვა-კურთხვევით დაიწყო და ქალაქის ქუჩებში გაგრძელდა. შობის მახარობლებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩები შემოიარეს და მოსახლეობას შობის საუფლო დღესასწაული მიულოცეს.

საზეიმო მსვლელობას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, მისი მოადგილე ბექა ლობჟანიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეუერთდნენ. მათ მახარობლებს შობის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

მეუფე ანდრიას გადაწყვეტილებით კი, შეგროვებული საშობაო ნობათი უპოვართა სასადილოს გადაეცემა.

საქართველოში ალილო სათავეს V-VI საუკუნიდან იღებს. მისი აღნიშვნის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ძალისხმევით და ლოცვა-კურთხევით 24 წლის წინ აღდგა.

კვირის ამბები