საზოგადოება
05.01.2024 14:52
გორში, კვერნაქის დასახლებაში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს

გორში, კვერნაქის დასახლებაში, სამების და პეტრიაშვილის ქუჩების მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცე მოეწყო, სადაც კალათბურთის მინიმოედანიც განთავსდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სამების ტაძართან, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კიბეს, რომელიც დაზიანებული იყო და სარგებლობისას საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას.

პროექტის მიხედვით, მოეწყო ბეტონის კიბე მოაჯირებით, საყრდენი კედელი, სასაფლაოს ცენტრალურ გზებზე გარეგანათების სისტემა დამონტაჟდა.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან, მის მოადგილესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა.

როგორც გორის მერიაში აცხადებენ, კვერნაქის დასახლებაში სკვერის, ტაძართან მისასვლელი კიბის და სასაფლაოს ცენტრალურ გზებზე გარეგანათების სისტემის მოწყობა მოსახლეობის ინიციატივით და ჩართულობით განხორციელდა.

კვირის ამბები