საზოგადოება
27.02.2020 13:01
ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო გორში 10 მარტიდან ამოქმედდება
გორში, სუხიშვილის ქუჩაზე ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო ამოქმედდება. კომპანია „ეკო ჯორჯიას“ წარმომადგენლის, გიორგი დავითაიას თქმით, დაწესებულება ექსპლოატაციაში 10 მარტიდან შევა. საწარმო საწყის ეტაპზე 50-მდე ადამიანის დასაქმებას შეძლებს.
„ეს იქნება ერთადერთი საწარმო საქართველოში, რომელშიც არა მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკები, არამედ წარმოებისთვის საჭირო ნედლეულიც დამზადდება, შესაბამისად, კომპანიას წარმოება ბევრად უფრო იაფი დაუჯდება და პარკების ფასი, სხვა მიმწოდებლებთან შედარებით, დაბალი იქნება. ჩვენთან თანამშრომლობის მსურველი უკვე ბევრია. ფაქტობრივად, ყველა მსხვილი კომპანიაა დაინტერესებული “, - აღნიშნა გიორგი დავითაიამ.
დავითაიას თქმით, წარმოების შემდეგ ეტაპზე, „ეკო ჯორჯია“ პირველი საწარმო იქნება, რომელიც ბიოდეგრადირებადი ერთჯერადი ჭურჭლის წარმოებას დაიწყებს. საწარმოს საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 3 მილიონი ლარია.
ცნობისთვის, „ეკო ჯორჯია“ სახელმწიფო პროგრამის - “აწარმოე საქართველოში” მონაწილეა. კომპანიას, გორში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 3355 კვ.მ. შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადაეცა.
კვირის ამბები