საზოგადოება
03.01.2024 14:38
უამინდობის გამო საქართველოს საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები ამოქმედდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3-5 იანვარს საქართველოს დასავლეთ რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში კი - ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვაც, რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ნავარაუდევია ნალექი, თუმცა, სინოპტიკოსების ცნობით, შედარებით სტაბილური ამინდია მოსალოდნელი. გორის მუნიციპალიტეტში ამინდის მკვეთრად გაუარესება მოსალოდნელი არ არის.

რაც შეეხება საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე არსებულ ვითარებას, რამდენიმე მიმართულებით შეზღუდვები ამოქმედდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ. 39-კმ. 52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

თოვის და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ. 70-კმ. 185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მლეთა-გუდაურის და გუდაური-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

კვირის ამბები