ყველა გენერალი, პოლკოვნიკი, ვიცე-პოლკოვნიკი, ასევე, ის მაიორები, რომლებსაც აქამდე არ მიუღიათ ბინა და სერჟანტების გარკვეული კატეგორია - 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, სამინისტროს ახალი შეთავაზებით ისარგებლებს და ბინის მიღებას შეძლებს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებმა, ბინათმშენებლობის ე.წ. „ამხანაგობაში“ გასაწევრიანებლად, ხელშეკრულებები ნოტარიულად უკვე გააფორმეს. როგორც ცნობილია, მახათას მთაზე სამხედრო ქალაქის მშენებლობა აპრილში დაიწყება. პროექტის პირველი ეტაპი 2021 წელს დასრულდება. დამტკიცებული გრძელვადიანი გეგმის მიხედვით კი, მომდევნო ეტაპები წლების მიხედვით განხორციელდება.
მინისტრის ინიციატივის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეები საცხოვრებელი ფართის შეძენას შეღავათიანი პირობებით შეძლებენ და ფინანსური ვალდებულებები მაქსიმალურად შეუმსუბუქდებათ. კერძოდ, 50%-იანი თანამონაწილეობის პრინციპი იმოქმედებს, ამასთან, კერძო კომპანიის ნაცვლად, მშენებლობას თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია განახორციელებს, რაც თვითღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. სამინისტროს ცნობით, სამხედროებს საშუალება ექნებათ, უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ. ცნობილია ისიც, რომ საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება 200 დოლარი იქნება და სამხედრო მოსამსახურეებს, ერთ კვადრატულ მეტრში, დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ.