დღეიდან, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, ახალი ,,პენიტენციური კოდექსი“ ამოქმედდა, რომლის საფუძველზეც ბრალდებულს ხანგრძლივი პაემნის უფლება ენიჭება.
ახალი კოდექსის თანახმად, ბრალდებულს სხვადასხვა სახის მხარდამჭერ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობაც ექნება.
განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს ენიჭება ვიდეოპაემნის უფლება.
მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო ხდება.
ამჟამად დადგენილი სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა შესაძლოა გაიზარდოს განსაკუთრებული გარემოების არსებობისას (ოჯახის წევრის დაბადების დღე, შვილის დაბადება და სხვ.).
პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ოჯახის წევრ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ენიჭებათ ერთმანეთთან სატელეფონო საუბრის უფლება, გარდა ამისა, დასაშვები იქნება მათ შორის მიმოწერაც.
ყველა მსჯავრდებულს ეძლევა უმაღლესი განათლების მიღების უფლება. თანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები.
პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს სპეციალური სტატუსი ენიჭება, რაც თანამშრომელთა პირობებს ათანაბრებს და აუმჯობესებს.
მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს, ხოლო საამისო წინაპირობების არსებობისას, მიიღებენ სახელმწიფო კომპენსაციასაც.