ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ქუჩებში პიროტექნიკის მოხმარებისგან გამოწვეული ხმაური მატულობს. როგორც შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში აცხადებენ, ხმაური განსაკუთრებით შინაური ცხოველებისთვისაა შიშის და სტრესის მომგვრელი.
ცხოველებისთვის უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად, სააგენტოს ვეტერინარები მოსახლეობას რეკომენდაციებს სთავაზობენ.
„ხმაურის დროს შეშინებულმა ცხოველმა სახლში შესაძლოა დაიწყოს მოშარდვა, ავეჯის დაზიანება ან მის ქვეშ დამალვა, ხოლო ქუჩაში - პატრონისგან გაქცევა.
ასეთ დროს: შეიყვანეთ შედარებით ჩუმ ოთახში; დაკეტეთ ფანჯრები; ჩართეთ მშვიდი მუსიკა, ან ტელევიზორი; იყავით მასთან ახლოს; სცადეთ ყურადღების გადატანა თამაშით; შეგიძლიათ გამოიყენოთ უსაფრთხო დამამშვიდებელი საშუალებები, რომელიც რეკომენდებულია თქვენი ვეტერინარის მიერ სპეციალურად თქვენი შინაური ცხოველისთვის განკუთვნილი დოზებით.
ხოლო, თუ ქუჩაში სეირნობისას დაიწყო ფოიერვერკი: ცხოველი აიყვანეთ ხელში; თუ ხელში ასაყვანად დიდია, თავად დაჯექით მის გვერდით, ჩაეხუტეთ, ეცადეთ დაამშვიდოთ და ერთად დაელოდეთ ფოიერვერკის დასრულებას; დარწმუნდით, რომ გარეთ ყოფნისას ყოველთვის უკეთია იდენტიფიკატორი, რაც გაქცევის შემთხვევაში დაგეხმარებათ მის პოვნაში; სეირნობისას გამოიყენეთ საბელი“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ რეკომენდაციაში.