ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანია „როშესგან“ პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძინა, საქართველოშია, - ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, უწყებამ მწარმოებლისგან 13 დასახელების ონკოლოგიური მედიკამენტი („ავასტინი“, „ალეცენზა“, „გაზივა“, „ზელბორაფი“, „კადსილა“, „მაბტერა“, „პერჯეტა“, „პოლივი“, „როზლიტრეკი“, „ტარცევა“, „ტეცენტრიკი“, „ფესგო“, „ჰერცეპტინი“) მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა. 2024 წლის იანვრიდან კი პაციენტები აღნიშნულ მედიკამენტებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ.
ინოვაციური ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად ჯანდაცვის სამინისტრომ, ასევე, მსოფლიოს წამყვან კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან“ გააფორმა ხელშეკრულება. „ნოვარტისი“ მეორე მწარმოებელია, რომლისგანაც ჯანდაცვის სამინისტრო ინოვაციურ მედიკამენტებს პირდაპირი წესით შეისყიდის. შედეგად, პაციენტები 8 დასახელების მედიკამენტსაც („კისქალი“, „ჯაკავი“, „მეკინისტი“, „ტაფინლარი“, „ვოტრიენტი“, „აფინიტორი“, „ზომეტა“, „ფემარა“) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ.
როგორც უწყებაში ახადებენ, ჯანდაცვის სამინისტრო რეფორმას აგრძელებს და მოლაპარაკებები მსოფლიოს იმ წამყვან მწარმოებლებთან აქვს, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში ფართოდ გამოიყენება და სახელმწიფო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი მოდის.
„უშუალოდ მწარმოებლისგან სპეციალური ფასით და პირობებით, პირდაპირი გზით შესყიდვის მიზანი მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილებით მნიშვნელოვნად ფართოვდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა და იზრდება ბენეფიციართა მოცვა. შედეგად, თითოეული პაციენტი ჯანდაცვის სამინისტროსგან მკურნალობისთვის საჭირო რაოდენობის მედიკამენტებს მიიღებს.
მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლისგან შესყიდვა წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების ნაწილია. მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების შემცირების მიზნით და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წელს თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, დაინერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა. 2023 წლიდან კი, 5 000-ზე მეტ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი, ანუ ზედა ზღვარი დაწესდა. აღნიშნული ერთიანი რეფორმები მედიკამენტების ფასის საშუალოდ 60%-ით შემცირების შესაძლებლობას იძლევა“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.