გორის მუნიციპალიტეტის მერმა საზოგადოებას 2023 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ყურადღება მუნიციპალიტეტში განხორციელებულ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურულ, სპორტულ, ახალგაზრდულ და საგანმანათლებლო პროექტებზე გაამახვილა.
გორის მერმა თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებს, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებს.
„გასული წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში მოეწყო 40 კილომეტრამდე გზა, 7 სკვერი, 15 სპორტული მოედანი, 8 სავარჯიშო სივრცე, 7 სოფელში ახალი სასმელი წყლის სისტემა, რეაბილიტირდა 2 საბავშვო ბაღი, დაწყებულია 2 სკოლის სრული რეაბილიტაცია, ერთი სკოლის და 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამას, რომელიც სამედიცინო სერვისების დაფინანსებას და სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარისთვის ფულადი დახმარებების გაცემას ითვალისწინებს, 6 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.
ამასთან, მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში, მოქალაქეებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, 200-ზე მეტი პროექტი განხორციელდა. თანამშრომლობის მიზანი მმართველობით პროცესებში საზოგადოების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა იყო“, - აღნიშნა გორის მერმა.
მერის ანგარიშის პრეზენტაციას ხელისუფლების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, გორისა და ატენის ეპარქიის სასულიერო პირები, მედიის წარმომადგენლები, გორის საპატიო მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.