გორში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცე გაიხსნა.
ახალი ოფისი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და შიდა ქართლის სახლემწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა გახსნეს.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გორის ახლადგახსნილ ცენტრში მედიაციის პროცესის საჭიროებები სრულად არის გათვალისწინებული. მხარეებისთვის მოლაპარაკების წარმოების ყველა პირობაა უზრუნველყოფილი. სათანადოდ აღჭურვილ სივრცეში კი მედიატორებს დაკისრებული მოვალეობის შესრულება გაუმარტივდებათ. ამასთან, მედიაცია დამზარალებელს და დაზარალებულს შორის არსებული კონფლიქტის ამოწურვას ემსახურება. ის აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს ეყრდნობა და ორიენტირებულია დანაშაულის შემხებლობაში მყოფი ყველა პირის ჩართულობაზე, მათი საჭიროებების იდენტიფიცირებასა და საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.
„შიდა ქართლის რეგიონში მედიაციის უკვე მეორე ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება. რამდენიმე თვის წინ პირველი ცენტრი ხაშურში გაიხსნა, ხოლო ახლა უკვე გორის ოფისი იწყებს საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ შენობა სრულად აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს და შესაბამისი პირობებია საქმიანობის განსახორციელებლად. განრიდება/მედიაციის პროგრამა შედარებით ახალი დანერგილია საქართველოში და იგი ხელს უწყობს როგორც კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების მართლშეგნების ამაღლებას, ასევე მათ რეაბლიტაცია-რესოციალიზაციას. ვფიქრობ, რომ რეგიონული ოფისების გახსნა ამ სახელმწიფო სერვისს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომს, ეფექტურს და მოსახერხებელს გახდის პროგრამაში ჩართული პირებისთვის“, - აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.
ცნობისთვის, მედიაციის სივრცეები გორში, თბილისში, ქუთაისში, ხაშურში, ოზურგეთში, ახალქალაქში, სენაკში, ბათუმში, საჩხერეში და ხობში უკვე მოქმედებს. უახლოეს პერიოდში კი დედოფლისწყაროსა და დმანისში იქნება ხელმისაწვდომი.