საზოგადოება
25.12.2023 14:05
პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ მეზვრიშვილი საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს ნომინაციის - „ჟიურის რჩეული“ გამარჯვებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვარის საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ მეზვრიშვილი საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა და ჯილდო ნომინაციაში - „ჟიურის რჩეული“ გადაეცა.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, თამარ მეზვრიშვილი აქტიურადაა ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში, თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან და სხვადასხვა ორგანიზაციასთან.

ჟიურის რჩეული ერთი წლის მანძილზე, ჰიგიენის, ცხოვრების ჯანსაღი წესის საკითხებზე საგანმანათლებლო შეხვედრებს მართავდა. გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტში მისი ინიციატივით ჩატარდა შიდსის, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის და დაუნის სინდრომთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიები. მონაწილეობდა საქველმოქმედო და საახალწლო კონცერტების, ასევე, ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზებაში.

 „ჩემი ყოველდღიურობა მოხალისეობრივ საქმიანობას უკავშირდება, მიხარია, რომ ამ საქმიანობის აღიარება ხდება, რათა სხვებს გაუჩნდეთ სურვილი მოხალისეობის, ასევე, დიდი მოტივაციაა ჩემთვის დაწყებული საქმიანობა უფრო ეფექტიანად განვახორციელო ჩემი თანატოლების და ადგილობრივი თემისთვის“, - აღნიშნა თამარ მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაციის - „ჰელფინგ ჰენდს“ ინიციატივით ჩატარდა.

კვირის ამბები