გორის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო, საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები და გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა მეორე დღეა მიმდინარეობს.
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი ბარჯაძის თქმით, ქალაქის ტერიტორიაზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების წმენდა, რის საფუძველზეც, ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეფერხებები არ შექმნილა, რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სოფლებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე გზების მოვლა-პატრონობას ახორციელებენ კონტრაქტორი კომპანიები.
„მთელი ღამის განმავლობაში გორში იწმინდებოდა გზები. სამუშაოები გრძელდება, ტექნიკური მარილი დაიყარა ქალაქის მთავარ ქუჩებზე, ხიდებზე, გზაჯვარედინებზე, შუქნიშნებთან და სხვა მონაკვეთებზე.
უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, გზები იწმინდება გორის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც, სადაც აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებენ გზების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კონტრაქტორი კომპანიები“, - განაცხადა გიორგი ბარჯაძემ.