საზოგადოება
25.12.2023 10:06
25 დეკემბერი პატრიარქის ინტრონიზაციის დღეა - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 46 წელი შესრულდა

25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ინტრონიზაციის დღეა. 1977 წლის 23 დეკემბერს, 46 წლის წინ, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში უწმიდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. მანამდე (9 ნოემბერი) უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, იგი პატრიარქის მოსაყდრედ დადგინდა. ამავე წლის 25 დეკემბერს კი მოხდა მისი ინტრონიზაცია - შესრულდა ახალარჩეული პატრიარქის ტახტზე სადღესასწაულო აყვანის რიტუალი, უკვე არჩეულ პატრიარქს მიეკუთვნა სახელი - ილია II.

ერისკაცობაში - ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილმა, პატრიარქობამდე დიდი და რთული გზა განვლო. სასულიერო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი, 24 წლის ირაკლი შიოლაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში ბერად აღიკვეცა და სახელად წმიდა ილია წინასწარმეტყველის პატივსაცემად ილია ეწოდა.

კათოლიკოს-პატრიარქის თაოსნობით, ლოცვა-კურთხევითა და ძალისხმევით, საქართველოს ეკლესიის ეპარქიების, მონასტრების და სასულიერო პირთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამავე პერიოდში, თბილისში აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესია - წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.
კვირის ამბები