გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დამტკიცებულია, მუნიციპალიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტი 77 მილიონ 737 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წელთან შედარებით, დაახლოებით, 11 მილიონი ლარით მეტია.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მერის მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი, მერიის სამსახურების და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
გასული წლის მსგავსად, თვითმმართველობის 2024 წლის ბიუჯეტი 6 ძირითად, პრიორიტეტულ მიმართულებაზე გადანაწილდა.
საბიუჯეტო სახსრები მოხმარდება როგორც ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების, განათლების, სპორტის, კულტურის და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებას, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას.
„2024 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით განისაზღვრა. მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს. ბიუჯეტი განისაზღვრა 77 მილიონ 737 ათასი ლარით, რა თქმა უნდა, წლის განმავლობაში კიდევ დაემატება სხვადასხვა ფონდიდან შემოსული თანხები, შემოსავლები. ბიუჯეტი გადანაწილებული გახლავთ ძირითად პრიორიტეტებზე და იმედი მაქვს, 2024 წელი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც გასული წელი იყო“, - აღნიშნა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტს კენჭისყრაში მონაწილე 24 წევრიდან 22-მა დაუჭირა მხარი, მუნიციპალიტეტის მომდევნო წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა პარტია „საქართველოსთვის“ ორმა წევრმა.
საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კი კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და კამათის შემდეგ სხდომა დატოვეს.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი სრულყოფილია და მასში მოქალაქეების ინტერესები მაქსიმალურადაა გათვალისწინებული.
„ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 80 მლნ. 737 ათასი ლარია, ხოლო შემოსულობები ამ ეტაპზე 77 მილიონ 737 ათასია. სამი მილიონი კი ნაშთია, რომელიც უკვე განსაზღვრულია. 2024 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ასახულია მოქალაქეების საჭიროებები როგორც ინფრასრუქტურული კუთხით, ისე სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო და სხვა მიმართულებებით“, - აღნიშნა დავით რაზმაძემ.
რაც შეეხება პარტია „საქართველოსთვის“ წევრების პოზიციას, მამუკა ფანიაშვილმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტზე მუშაობის პროცესი არ იყო ინკლუზიური, გარდა ამისა, მათ მიერ წარდგენილი შენიშვნებიდან ბიუჯეტის პროექტში არ იყო გათვალისწინებული არცერთი მათგანი და დოკუმენტის მიღებას სწორედ ამიტომ არ დაუჭირეს მხარი.
ადგილობრივი თვითმმართველობის განმარტებით, გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი მომზადდა 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტისა და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის (2023-2026 წწ.) მიხედვით. პრიორიტეტების დოკუმენტი კი მოსახლეობასთან კონსულტაციებით და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავდა.