გორის მეშვიდე საჯარო სკოლა ლიტერატურული პროექტის გამარჯვებული გახდა.
კონკურსის - „ნარატორი“ ფინალში ერთმანეთს გორის მუნიციპალიტეტის სამი სკოლა დაუპირისპირდა.
მეორე ადგილი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიამ დაიკავა. მესამეზე კი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.
პროექტის ფინალისტები სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურული გამოცემით დააჯილდოეს.
ღონისძიება ახალგაზრდული ორგანიზაცია „ინოვატორის“ ინიციატივით, გორის მწერალთა სახლში გაიმართა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ლიტერატურული პროექტის მიზანი ახალგაზრდებში ზოგადი განათლების დონის ზრდაა.
„ორგანიზაციის მთავარ ღირებულებას განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს მივცეთ განვითარების, ახალი აღმოჩენების და შემეცნების შესაძლებლობა. ამისთვის კი არაერთ პროექტს ვახორციელებთ. ვფიქრობთ, ეს პროექტიც არაფორმალური განათლების მიღების საინტერესო მეთოდია, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს ახალგაზრდებს, ლიტერატურისმცოდნეებს და მწერლებს, მათთვის საინტერესო წიგნებზე და ავტორებზე სასაუბროდ“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა ახალგაზრდული ორგანიზაციის დამფუძნებელმა შოთა მარანელმა.