აკუსტიკურ ხმაურზე გამკაცრებული სანქციები უკვე ამოქმედდა. კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, 1500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკურ პირებზე 500 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 5000 ლარი.
ამის შემდეგ, ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენა, ფიზიკური პირისთვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 10 000 ლარის ოდენობით.
ინფორმაციისთვის, არსებული სტატისტიკა ამ ტიპის სამართალდარღვევებთან მიმართებით შემდეგია: 2021 წლის მონაცემებით 148 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგა, 2022 წელს ეს რაოდენობა 253-მდე გაიზარდა, რაც შეეხება მიმდინარე, 2023 წლის მონაცემებს, მხოლოდ იანვარი-ივლისის ჩათვლით, 344 სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი.