საზოგადოება
21.12.2023 12:41
პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 2024 წლიდან ახალი კოდექსი ამოქმედდება

2024 წლიდან იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული პენიტენციური კოდექსი ამოქმედდება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ახალი პენიტენციური კოდექსი აუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომით პირობებს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივ მდგომარეობას - აწესებს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების დაცვის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებს.  კერძოდ:

ბრალდებულს ენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება; მას, აგრეთვე, ექნება შესაძლებლობა, ჩაერთოს სხვადასხვა სახის  მხარდამჭერ პროგრამაში;

განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს ენიჭება ვიდეოპაემნის უფლება;

მსჯავრდებულს ენიჭება პაემნის გარე სამყაროსთან ურთიერთობის სხვა ფორმით ჩანაცვლების შესაძლებლობა (ხანმოკლე პაემანი - ვიდეოპაემანი, ხანგრძლივი პაემანი - ხანმოკლე პაემანი, ვიდეოპაემანი ან სატელეფონო საუბარი, საოჯახო პაემანი - ხანმოკლე პაემანი, ვიდეოპაემანი ან სატელეფონო საუბარი);

ყველა სახის პაემანი ხდება სრულიად უფასო;

ამჟამად დადგენილი სატელეფონო საუბრების მაქსიმალური რაოდენობა და ხანგრძლივობა მინიმალურ რაოდენობად/ხანგრძლივობად გარდაიქმნება. მინისტრი უფლებამოსილი იქნება, გაზარდოს სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა;

განსაკუთრებული გარემოების არსებობისას (ოჯახის წევრის დაბადების დღე, შვილის დაბადება და სხვ.) ბრალდებულს და მსჯავრდებულს შესაძლებელია, მიენიჭოს დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლება;

პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ოჯახის წევრ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ენიჭებათ ერთმანეთთან სატელეფონო საუბრის უფლება. დასაშვები იქნება მათ შორის მიმოწერაც;

ყველა მსჯავრდებულს ეძლევა უმაღლესი განათლების მიღების უფლება;

თანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები;

გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შესაძლებელი იქნება ქალი მსჯავრდებულის განთავსებაც. ამ გზით მათზე გავრცელდება ის უფლებები, რომლებიც აქვს ამ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს;

რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს ენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თანამშრომელთა პირობებს ათანაბრებს და აუმჯობესებს;

მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს, ხოლო საამისო წინაპირობების არსებობისას - სახელმწიფო კომპენსაციას.

ცნობისთვის, ახალი პენიტენციური კოდექსი ითვალისწინებს როგორც წამების, არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობის თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT), ისე საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს.
კვირის ამბები