საზოგადოება
21.12.2023 11:56
რეფერენტული ფასი, ჯამში, 5 000-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა - ჯანდაცვის სამინისტრო

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 5 000-ზე მეტ მედიკამენტზეა განსაზღვრული, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი იმ წამლებზეც გავრცელდა, როლებზეც ფარმაცევტულ ქსელებს ჭარბი ფასნამატი ჰქონდათ განსაზღვრული და იმპორტის ფასთან შედარებით 1000%, 2000% და 3000%-ით ძვირად ყიდდნენ.

„წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს, ეტაპობრივად გაფართოვდება და ფარმაცევტულ ბაზარზე აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება.

რეფორმის მიზანი, მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. რეფორმა ფარმაცევტული პროდუქტის ფასებს საშუალოდ, 40%-ით ამცირებს“, - ნათქვანმია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, ანტიბიოტიკებზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებელ, ფსიქოტროპულ, ანტივირუსულ და ანტიჰელმინთურ წამლებზე მოქმედებს.
კვირის ამბები