ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს შეიქმნა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. XX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს ერთიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში ეროვნული გვარდია ქართული შეიარაღებული ძალების ძირითად ბირთვს წარმოადგენდა.
საქართველოს თავდაცვის სამხედრო დოქტრინიდან გამომდინარე, დღეს ეროვნული გვარდიის პრიორიტეტებია: შეიარაღებული ძალების რეზერვის მომზადება-გადამზადება, სამობილიზაციო რესურსების მართვა, საბრძოლო წვრთნების ორგანიზება და განხორციელება, რეზერვის მობილიზაციის დაგეგმვა და მართვა, საჯარისო მობილიზაციის ჩატარება სრული მოცულობით ყოველგვარ პირობებში. სამხედრო ოპერაციების დროს, მხარდამჭერი და უსაფრთხოების ოპერაციების ჩატარება (ზურგის ოპერაციები), საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა, შეიარაღებული ძალების შენაერთების, დანაყოფების და ნაწილებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე მოქალაქეთა შერჩევა და დაკომპლექტება.
2015 წლიდან საქართველოს ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეული ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (RSM) აქტიურად მონაწილეობს, რომლის ფარგლებში, 37 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოებულია მედლით „სიცოცხლის გადარჩენისთვის“.
ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული წარმატებულად მონაწილეობს, ასევე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA).
საქართველოს ეროვნული გვარდია აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან, ესტონეთის თავდაცვის ლიგასთან, დანიისა და ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიებთან, ლიტვის ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალებთან, ლატვიისა და უკრაინის ეროვნულ გვარდიებთან.