გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა.
უწყების ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტში, დაბა აგარის მიმდებარედ, მოქალაქე 15 ერთეული ნაძვის სახეობის ხე-მცენარის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა. სამართალდამრღვევმა ხე-ტყის წარმოშობის შესაბამისი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა.
„წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი გაამკაცრდა და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ რეგიონებს, სადაც წიწვოვანი ტყეებია. პრევენციული ღონისძიებები, ასევე, ტარდება ქალაქების შესასვლელთან, დასახლებულ პუნქტებში, საავტომობილო გზებზე. აქტიურად მოწმდება რეალიზაციის ადგილები.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეები მოიპოვონ მხოლოდ კანონის ფარგლებში - სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ან შეიძინონ იმპორტირებული ნაძვის ხეები“, - ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, წიწვოვნების უკანონო მოპოვებაზე, ასევე ტრანსპორტირების და რეალიზაციის წესის დარღვევაზე 500-დან 2000-ლარამდე ჯარიმა მოქმედებს, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც ემატება.