საზოგადოება
19.12.2023 11:33
მერის მრჩეველთა საბჭომ საზოგადოებას საქმიანობის წლიური ანგარიში წარუდგინა

მერის მრჩეველთა საბჭოს წლიური ანგარიშის წარდგენა გორში პირველად გაიმართა.

მრჩეველთა საბჭოს 2023 წლის ანგარიშს ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მრჩეველთა საბჭოს 2023 წლის ანგარიშს დაესწრო და წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

„მზად ვარ, გავითვალისწინო თქვენი რეკომენდაციები და მადლობა, რომ ასე იაქტიურეთ მთელი წელი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა თვითმმართველობის პროცესებში და თქვენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვან როლს თამაშობთ“, - ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შეხვედრის დასაწყისში მრჩეველთა საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა.

საჯარო განხილვაზე საბჭოს თავმჯდომარემ დაკო მურადაშვილმა აუდიტორიას მრჩეველთა საბჭოს წევრები, საბჭოს უფლებამოსილებები და განხორციელებული სამუშაოები წარუდგინა.

„მნიშვნელოვანია, რომ წლის განმავლობაში საბჭოს მიერ გაწეული რეკომენდაციების ნაწილი მერიამ უკვე გაითვალისწინა, ნაწილი განხილვის და დამუშავების პროცესშია. შესრულებული რეკომენდაციები, რომელიც საბჭოს საქმიანობის ეფექტურობას, გამჭვირვალობას და ღიაობას ეხებოდა, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიერ დადებითად შეფასდა - გორის მერიამ მოქალაქეთა ჩართულობის და მონაწილეობის ინდექსში, ბოლო ორ წელთან შედარებით, 25%-იანი ზრდა აჩვენა“, - აღნიშნეს შეხვედრაზე.

ანგარიშის მოსმენის შემდეგ, აუდიტორიამ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მოისმინეს.

კვირის ამბები